 ბორატი! ამერიკის კულტურული გამოკვლევა ყაზახეთის სახელოვანი ერის სასარგებლოდ, მოკლედ ბორატი (ინგლ. Borat! Cultural Learnings of America for Make Benefit Glorious Nation of Kazakhstan) — „Mockumentary“-ის ჟანრის ფილმი, რომლის პროდიუსერიც და მთავარი როლის, ბორატ საგდიევის შემსრულებელი არის ბრიტანელი კომიკოსი საშა ბარონ კოენი. ფილმის გადაღება და დისტრიბუცია მოახდინა კინოკომპანია „20th Century Fox“-მა, ხოლო რეჟისორი იყო ლარი ჩარლზი. ძირითადად, ფილმში ნაჩვენებია ბორატის და სხვა ამერიკელების ურთიერთობა, რომელთა უმრავლესობამ არც კი იცოდა, რომ მათ ფილმში იღებდნენ, ხოლო ბორატი ეგონათ უცხოელი სტუმარი, რომელსაც ზედაპირული გაგება ჰქონდა ამერიკულ კულტურაზე. ბორატის მიერ შექმნილი „Da Ali G Show“-დან, ბორატი არის მეორე პერსონაჟი, რომლის ისტორიაზეც ფილმი გადაიღეს. პირველი ფილმი, „ალი ჯი პარლამენტში“ გამოვიდა 2002 წელს, ხოლო მესამეს, „ბრუნო“ პრემიერა 2009 წელს შედგა. ფილმის პროდიუსირებაზე იზრუნა ბარონ კოენის კომპანია „Four By Two“-მ (სლენგზე, „Four By Two“ ნიშნავს ებრაელს). ფილმი დადებითად იქნა მიღებული მაყურებლის მიერ და აგრეთვე კომერციულად წარმატებული გამოდგა; შემოსავალმა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 262 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ბარონ კოენმა შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი მოიგო, ხოლო ფილმი კომედიურ და მუსიკალურ ჟანრში საუკეთესო კინოსურათის ნომინანტთა შორის მოხვდა. ოსკარის 79-ე დაჯილდოებაზე, ბორატი ნომინირებული იყო საუკეთესო ადაპტირებული სცენარის კატეგორიაში. ფილმი, გამოსვლიდან ორი წლის განმავლობაში, არაერთი უთანხმოებისა თუ სკანდალის ცენტრში მოექცა. გადამღები ჯგუფისა თუ მსახიობთა გუნდის არაერთმა წევრმა სურათის შემქმნელები გააკრიტიკა, ზოგმა სასამართლო დავაც კი წამოიწყო. ფილმი აკრძალეს ყველა არაბულ ქვეყანაში (გარდა ლიბანისა და არაბთა გაერთიანებული საამიროებისა, სადაც ცენზურაში გატარებული ვერსია აჩვენეს), ხოლო რუსეთის ხელისუფლებამ მოუწოდა კინოთეატრებს, ფილმი არ ეჩვენებინათ. „ბორატი“ DVD-ზე 2007 წლის 5 მარტს გამოვიდა.
 ელიზაბეტ დე ვალუა (ფრანგ. Élisabeth de Valois, ესპ. Isabel de Valois; დ. 2 აპრილი, 1545, ფონტენბლოს სასახლე, პარიზი, საფრანგეთის სამეფო — გ. 3 ოქტომბერი, 1568, არანხუესის სასახლე, მადრიდი, ესპანეთის იმპერია), აგრეთვე ცნობილია, როგორც ისაბელი — ვალუას დინასტიის ანჟულიმელთა განშტოების წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ანრი II-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ეკატერინე მედიჩის მეორე შვილი და პირველი ქალიშვილი. ესპანეთის კოლონიური იმპერიის დედოფალი 1559-1568 წლებში როგორც ფილიპე II-ის მესამე ცოლი. დაიბადა ფონტენბლოს სასახლეში და გაიზარდა თითქმის მისსავე ასაკის ძმასთან, საფრანგეთის დოფინ ფრანსუასთან და მის მომავალ ცოლთან, შოტლანდიის დედოფალ მერი სტიუარტთან ერთად, რომელთანაც ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მთელი ცხოვრების მანძილზე. მშვიდი და კეთილი ელიზაბეტი ხშირად ეწინააღმდეგებოდა ეკატერინე მედიჩს, მაგრამ დედოფალს ის მაინც გამორჩეულად უყვარდა. 1551 წლიდან იგეგმებოდა მისი დაქორწინება ინგლისის მეფე ედუარდ VI-ზე, თუმცა სასიძოს ადრეული გარდაცვალების გამო ქორწინება ვერ შედგა. ამის შემდეგ იგი დანიშნეს ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის ერთადერთ ვაჟზე, ასტურიის პრინც დონ კარლოსზე. თუმცა, 1559 წელს დადებული კატო-კამბრეზის სამშვიდობო ხელშეკრულების შემდეგ ელიზაბეტი პირდაპირ მეფე ფილიპეს შერთეს ცოლად. სწორედ მათ ქორწილში დაიღუპა ელიზაბეტის მამა. მათი მარიონეტული ქორწინება ჯერ ნოტრ-დამში შედგა, სადაც ფილიპეს როლს ალბას ჰერცოგი ასრულებდა, ნამდვილი ქორწილი კი გვადალახარაში გაიმართა. ამრიგად 14 წლის ელიზაბეტი ესპანეთის დედოფალი გახდა, როგორც ფილიპეს მესამე ცოლი. მისი გარდაცვალების შემდეგ მრავალი ისტორია და ლეგენდა შეთხზეს მის ცხოვრებაზე. ამათგან ყველაზე საინტერესოა ელიზაბეტისა და დონ კარლოსის ფარული სიყვარულის ისტორია, რომელიც ოპერა „დონ კარლოსს“ დაედო საფუძვლად.
|
 სტამბოლი (თურქ. İstanbul — ისტანბული) — თურქეთის უდიდესი და ხალხმრავალი ქალაქი. ქვეყნის ეკონომიკური, კულტურული და ისტორიული ცენტრი. ტრანსკონტინენტური ქალაქი ევრაზიაში, რომელიც მდებარეობს ბოსფორის სრუტის გასწვრივ (რომელიც ჰყოფს ევროპასა და აზიას), მარმარილოსა და შავი ზღვის სანაპიროზე. ქალაქის კომერციული და ისტორიული ცენტრი ევროპულ ნაწილშია, ხოლო ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით მესამედი აზიურ ნაწილში ცხოვრობს. ქალაქი სტამბოლი ამავე სახელწოდების მეტროპოლიის ადმინისტრაციული ცენტრია, სადაც 15 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. სტამბოლი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია და მსოფლიოს მე-5 უდიდესი ქალაქია ისევე, როგორც ევროპის ყველაზე დიდი ქალაქია. სტამბოლი განიხილება, როგორც ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. სტამბოლის ისტორიული და სტრატეგიული ადგილმდებარეობა აბრეშუმის გზაზე, რომელიც ევროპასა და ახლო აღმოსავლეთის სარკინიგზო ქსელების, შავი ზღვისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის მარშრუტის გზაზე მდებარეობს, ქალაქის კოსმოპოლიტური მოსახლეობის წარმოქმნის საფუძველი გახდა, თუმცა, ეს ფაქტი ნაკლებად შესამჩნევი იყო 1923 წლისთვის, როდესაც ყალიბდებოდა თურქეთის რესპუბლიკა. ომებს შორის პერიოდში ახალ დედაქალაქად ანკარის გამოცხადებამ, ქალაქს უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭა. 1950-იანი წლებიდან, ქალაქის მოსახლეობა ათჯერ გაიზარდა, რაც ანატოლიიდან მიგრანტების ჩამოსვლით იყო განპირობებული, ხოლო ამან ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრების გაფართოება გამოიწვია. XX საუკუნის დასასრულს დაარსებული ხელოვნების, მუსიკის, კინოს ფესტივალები და კულტურული ღონისძიებები დღესაც იმართება ქალაქში და მის სავიზიტო ბარათად იქცა. ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებამ, გამოიწვია რთული სატრანსპორტო ქსელის წარმოშობა. ქალაქი ისტორიულად ცნობილია, როგორც კონსტანტინოპოლი (ბერძ. Κωνσταντινούπολις, თურქ. Kostantiniyye — კონსტანტინიე) და ბიზანტიონი.
 ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაცია (რუს. Депортация чеченцев и ингушей) ასევე ცნობილია, როგორც აარდახი (ჩეჩ. Aardax), ოპერაცია ლენტილი (რუს. Чечевица) — საბჭოთა ხელისუფლების მიერ ჩეჩენ-ინგუშეთის ასსრ-დან ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაცია შუა აზიაში, კერძოდ ყაზახეთსა და ყირგიზეთში. დეპორტაცია განხორციელდა საკმაოდ ხანმოკლე პერიოდში და მიმდინარეობდა 1944 წლის 23 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით. საერთო მონაცემებით გადაასახლეს 500-650 ათასი ჩეჩენი და ინგუში. გადასახლების პერიოდში და პირველ წელს დაიღუპა 100 000 ჩეჩენი და 23 000 ინგუში, ანუ ორივე ერიდან ყოველი მეოთხე ადამიანი. დეპორტაციაში უშუალოდ იყო ჩართული 100 000 სამხედრო მოსამსახურე, ხოლო ერთი ამდენი საბრძოლო მზადყოფნაში იყო მეზობელ რაიონებში. გადასახლების შედეგად 180 დეპორტირებულებით სავსე ეშელონი გააგზავნეს შუა აზიაში. ჩეჩენ-ინგუშეთის ასსრ გაუქმდა, ხოლო მის ტერიტორიაზე შეიქმნა გროზნოს ოლქი, ხოლო რაიონების ნაწილი შევიდა ჩრდილოეთ ოსეთის, დაღესტანისა და საქართველოს შემადგენლობაში. საქართველოში მცხოვრებ ქისტებსა და წოვათუშებს, რომლებიც ეთნიკურად ახლოს დგანან შესაბამისად ჩეჩნებთან და ინგუშებთან, აღნიშნული დეპორტაცია არ შეხებიათ. დეპორტაციის ოფიციალურ მიზეზად სახელდება მასობრივი თანამშრომლობა ოკუპანტებთან, ანტისაბჭოთა მოქმედება და ბანდიტიზმი, თუმცა ინგუშებს ფიზიკურად არ შეეძლოთ თანამშრომლობა ოკუპანტებთან ოკუპაციის არ არსებობის გამო. ფაშისტებმა დაიკავეს მალგობეკის რაიონის უმნიშვნელო ტერიტორია და მალევე უკან გაბრუნდნენ აღნიშნული ტერიტორიიდან. ანტისაბჭოთა მოღვაწეობის მასშტაბი და რესპუბლიკაში ბანდიტიზმი ასევე არ აღემატებოდა მეზობელ რეგიონებში მსგავს მაჩვენებლებს. აღნიშნული მონაცემები გაყალბებულია ხელისუფლების ქმედებების გასამართლებლად. დეპორტაციის რეალური მიზეზები დღემდე არაა დადგენილი. ხალხთა დეპორტაცია, მათი სახელმწიფოს გაუქმება და საზღვრების შეცვლა იყო არაკანონიერი, რომელიც არცერთ სამართლებრივ აქტში არაა გათვალისწინებული.
|